top of page
  • Writer's pictureAdmin

დუბროვნიკი

ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ამ პატარა ქალაქს სამართლიანდ უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ქალაქი მე-7 საუკუნეში, ალანების და სლავების შემოსევებით შეწუხებულმა ქალაქ ეპიდავრუმის მაცხოვრებლებმა დააარსეს. მიუდგომელი მდებარეობა და ქვის მტკიცე გალავანი, აქაურებისათვის საიმედო თავშესაფრად იქცა. ქალაქის სახელწოდება იქვე ახლოს მდებარე მუხის ტყეს უკავშირდება. ახლანდელი დუბროვნიკი ორი პატარა დასახლების უშუალოდ დუბროვნიკის და რაგუზას შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. დაარსებიდან მე – 13 საუკუნებდე ქალაქი ბიზანტიის იმპერიის ნაწილი იყო. 1667 წელს ქალაქი მძლავრმა მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ მტკიცედ ნაგები გალავანი და გალავნის შიგნით კლდეზე აშენებული შენობა – ნაგებობები. სხვადასხვა წლებში დუბროვნიკს აკონტროლებდნენ ფრანგები, ავსტრიელები, იტალიელები. 1945 წელს დუბროვნიკი იუგოსლავიის ნაწილი გახდა. 1991 წლიდან დუბროვნიკი ხორვატიის შემადგენლობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში, სერბეთ – ხორვატიის ომის დროს, დუბროვნიკი მნიშვნელოვნად დაზარალდა. დღეისათვის ქალაქი, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა კლდოვან ნაპირზე მდგარი ფორტია, რომელსაც თითქმის 4 კილომეტრის სიგრძის გალავანი იცავს. ქალაქის მთავარი ქუჩა სტრადა, სადაც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს ნახავთ, სწორედ ამ ფორტის შიგნით მდებარეობს.

დღეს დუბროვნიკი მთავარი კურორტია ადრიატიკის ზღვაზე, რომელიც იუნესკოს აღორძინების ხანის საუკეთესო ევროპული ძეგლების სიაშია შეტანილი. დუბროვნიკის ჩილიპის საერთაშორისო აეროპორტი ცენტრიდან 20 კმ-შია. აეროპორტიდან ცენტრში შატლები, საქალაქო ავტობუსები და ტაქსი დადის.

დუბროვნიკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მისი ძველი ნაწილი, ანუ ძველი დუბროვნიკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.  აქ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის არის გადაადგილება ნებადართული.

მიუხედავად იმისა, რომ ხორვატია როგორც სახელმწიფო მხოლოდ 25 წელია, რაც არსებობს, მისი მოსახლეობაუაღრესად ამაყობს თავისი სამშობლოთი და ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო ღვინოს, საუკეთესო ზღვის პროდუქტებს, საუკეთესო ზეთისხილსა და საუკეთესო ბოსტნეულს სთავაზობს. აქაური ატმოსფეროს, ტემპერამენტისა და გემრიელი კერძების ფაქტორით შეიძლება აიხსნას გასულ წელს დუბროვნიკში 2 მილიონი ტურისტის ჩამოსვლა – ციფრი, რომელიც 2017 წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ქალაქის ასეთ პოპულარობას უდავოდ სერიალმა „სამეფო კარის თამაშებმაც” შეუწყო ხელი, რომელსაც სწორედ დუბროვნიკში იღებდნენ.

დუბროვნიკი სწორედ რომ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და ტურისტებისთვის სასურველი ქალაქის სტატუსით სარგებლობს.  ეს არის საოცარი ქალაქი.

ძველი დუბროვნიკი შემორტყმულია გალავნით (დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი სიღნაღი).  თუ ოდესმე ამ ქალაქში მოხვდებით, აუცილებლად ადით ამ გალავნებზე განთავსებულ ქონგურებზე, რომლებიდანაც კამკამა ზღვის შესანიშნავი ხედები იშლება.

სანაპიროები

დუბროვნიკის უმეტესი პლაჟი კარგად არის აღჭურვილი. შესვლა ყველგან უფასოა, ზღვა კი გამჭირვალე, სანაპიროზე წვრილი კენჭებია, მაგრამ წყალთან უკვე ქვიშიანია. ერთ-ერთი პოპულარული პლაჟი ლაპადის ზღვის უბეში მდებარეობს. ეს არის კარგად მოვლილი, სუფთა პლაჟი, დასერილი სასეირნო ბილიკებით და დატვირთული არაერთი ბარითა და კაფით. ქოლგებისა და შეზლონგების ქირაობა დღიურად საშუალოდ 30 კუნა დაგიჯდებათ


სასტუმროები

დუბროვნიკში ყველა გემოვნებისა და ჯიბეზე გათვლილი სასტუმროებია: ეკონომიური „სამიანები“ და მდიდრული „ხუთიანები“. რაც უფრო ახლოა ძველ ქალაქთან, მით უფრო ძვირია. ყველაზე პრესტიჟულები თავმოყრილია პილესა და პლოჩეს რაიონებში. ლაპადისა და ბაბინ კუკის რაიონებში უფრო დემოკრატიული ფასებია: აქ სიმშვიდეა, სიმყუდროვე და თან სილამაზეა, ხოლო ცენტრამდე მარტივად მიხვალთ ფეხით. ყველაზე დაბალი ფასებია საპორტო გრუჟში, მონტოვერნესა და ბონინოვოში: ადგილობრივი საზომით პლაჟებამდე ცოტა შორია, თუმცა ეკონომია საგრძნობია.


ტრანსპორტი

ყველაზე პოპულარული სახეობაა კომპანია „ლიბერტასის“ ავტობუსები. ისინი 10-15 წუთიანი ინტერვალით დადიან, ძირითადი მარშრუტები აერთებს ძველ ქალაქს, ლაპადს და ბაბინ კუკს. ბილეთები იყიდება ჯიხურებში (12 კუნა ერთი მგზავრობა) და მძღოლთან (15 კუნა) და მოქმედებს ერთი საათის განმავლობაში.

ეკონომიის მიზნით შესაძლებელია ერთდღიანი სამგზავროს ყიდვა 30 კუნად.

დუბროვნიკში დადიან ღია ტურისტული ავტობუსები. ის ყველა პოპულარულ ღირსშესანიშნაობას მოივლის. აუდიოგიდით ექსკურსიის ღირებულება 60 კუნაა, 6 წლამდე ბავშვები უფასოდ სეირნობენ.

აეროპორტში, ავტოსადგურზე, პილეს, პლოჩესა და გრუჟის რაიონებში ტაქსის სადგომებია. სტანდარტული ტარიფია 25 კუნა ჩასხდომაზე და 8 კუნა ყოველ კმ-ზე. ქალაქის შემოვლა საშუალოდ 70-100 კუნა ჯდება, ტრანსფერი აეროპორტიდან ცენტრში – 250-300 კუნა.


Dubrovnik Card

ტურისტებისთვის, რომლებთაც სურთ მაქსიმუმი მიიღონ და თან არ გაკოტრდნენ, მოიფიქრეს Dubrovnik Card. ყველგან იყიდება. ერთდღიანი ბარათი 190 კუნა ღირს და საშუალებას იძლევა უფასოდ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოინახულოთ საციხო კედლები, მუზეუმები (ეთნოგრაფიული, კულტურულ-ისტორიული და ა.შ.) და სამხატვრო გალერეები 24 საათის განმავლობაში. 3-დღიანი და 7-დღიანი ბარათი – 250/350 კუნა – 6-10 უფასო მგზავრობასა და ცავტატამდე ავტობუსის კუპონს იძლევა. გარდა ამისა, Dubrovnik Card-ის მფლობელები იღებენ 160-გვერდიან გიდს და 5-30%-იან ფასდაკლებას რესტორნებში, სპა-სალონებში, საიუველირო დახლებსა და ტურსააგენტოებში.


მუზეუმები

დუბროვნიკში მრავლადაა მუზეუმები და სხვადასხვა დროს აშენებული ტაძრები.  ტურისტი, ბუნებრივია, მათ მიმართაც ვერ დარჩება გულგრილი (მუზეუმებში შესვლა საკმაოდ იაფია თუ რამდენიმე მათგანს ერთი დღის განმავლობაში ეწვევით – დაახლოებით 70 ხორვატიული კუნა, რაც 9 ევრომდეა).  გამოვყოფდი ეთნოგრაფიულ და საზღვაო მუზეუმებს.


კვება

დუბროვნიკში ძირითადად ხორვატულ და იტალიურ სამზარეულოს გთავაზობენ, რომელიც გაჯერებულია ზღვის პროდუქტებით, ცხვრისა და ბატკნის ხორცით. მთავარი ადგილობრივი კერძია ხამანწკა სტონის ყურედან და გველთევზები მდინარე ნერეტვადან. ყველაზე პოპულარული პირველი კერძია წვნიანი „მწვანე მენესტრა“ კომბოსტოთი და გამოყვანილი ხორცით. ზღვის პროდუქტებიდან საინტერესოა ნერეტვანის “ბროდეტი” გველთევზათი და ბაყაყებით და შავი რიზოტო მელანთევზით.

ხორცის მოყვარულებმა უნდა გასინჯონ „პრშუტი“, ძეხვი „კულენი“, “შპორკე მაკარულე” (უფრო მარტივად, სპაგეტი შავი ფქვილისგან და ხორცით) და ქათამი ნერეტვანულად კომბოსტოს გარნირით.

ტრადიციული დუბროვნიკული დესერტია „როზატა“ ვარდის სიროფით, რომელიც კრემ-ბრიულეს მოგაგონებთ. ბარების ასორტიმენტშია მაგარი, მაგრამ გემრიელი სასმელები ქლიავის, ყურძნის და კაკლისგან დამზადებული. ყველაზე ძვირიანი რესტორნები ძველ ქალაქშია.



გისურვებთ წარმატებას!

272 views0 comments
bottom of page