top of page
  • Writer's pictureAdmin

ნორვეგია

ნორვეგიის სამეფო ჩამოყალიბდა დასავლეთ და ჩრდილოეთ  სკანდინავიაში და  ჩრდილოეთით მაირნის და სვალბარდის კუნძულებზე.  მოსახლეობის რაოდენობით ევროპაში ოცდამერვე ადგილზე იმყოფება. ძირითადად დასახლებული არის მთავარი სანაპირო ზოლი, რომელიც  20 000 კმ. შეადგენს.

აღმოსავლეთით, ნორვეგიას ესაზღვრება შვედეთი, ფინეთი და რუსეთი.

ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით – შემდეგი ზღვები: ბარენცის, ნორვეგიის, ჩრდილოეთის.

ქვეყანას აქვს ორი ოფიციალური ენა: riksmal – დანიურის მსგავსი და Nynorsk, ნეო ნორვეგიული. ნორვეგიის სამეფომ 2007 წელს მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნის სტატუსი. ის ყველაზე განვითარებული და აყვავებული ქვეყნების სიასაც ლიდერობს. ენციკლოპედია ბრიტანიკა კი ნორვეგიელ ხალხს ყველაზე ნაკითხად ასახელებს. გაერომ მრავალჯერ აღიარა ნორვეგია, როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა.

ნორვეგია - ფიორდების, ზღაპრული ხედების, პატარ-პატარა მყუდრო კუნძულების და  მეთევზეების სოფლების მხარეა. ქვეყანა განთქმულია ფიორდებით, მთებით, სათხილამურო კურორტებით, ტბებითა და ტყეებით. ბუნების უდიდესი ნაწილი ხელუხლებელია, რის გამოც ის მრავალ მოლაშქრეს იზიდავს. ყოველწლიურად, ასობით ათას უცხოელ ტურისტს იზიდავს დასავლეთ და ჩრდილოეთ ნორვეგიის ფიორდები, მთები, ჩანჩქერები

ნორვეგია მთიანი ქვეყანაა. ტერიტორიის თითქმის 2/3 მთა-გორიანია, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 500 მ-ზე მაღლაა. რაც შეეხება დაბლობს, ის ძირითადად მოიცავს ვიწრო (40-50 კმ) სანაპირო ზოლს. იანვრის თვის საშუალო ტემპერატურა -2° C, -4° C

ივლისის საშუალო ტემპერატურა 10° C - 15° C -ია სანაპიროზე.

ნორვეგია გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აქ ბინადრობს თეთრი მელა, კურდღელი, ფოცხვერი, ირემი, პოლარული დათვი, ვეშაპების 16 სახეობა, უამრავი სახეობის თოლია და იხვი. წყალქვეშა ეკოსისტემაც მდიდარი და მრავალფეროვანია.

ნორვეგიელები ისტორიული წარსულით ძალიან ჰგვანან შვედებს და დანიელებს. შუა საუკუნეებში მათი წინაპრები იყვნენ ვიკინგი მეზღვაურები და მებრძოლები, რომლებიც ძირითადად მეკობრეობდნენ და მათ მიერ აგებული გემებით ისლანდიის, გრენლანდიის და ჩრდილო ამერიკის სანაპიროებამდეც კი დაცურავდნენ.



რატომ უნდა ჩავიდე ნორვეგიაში?

ქვეყნის 7 კულტურული ძეგლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ასევე, სხვა 6 ძეგლი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.

მსოფლიოში ყველაზე გრძელ დისტანციაზე შეჯიბრება ციგებში შებმული ძაღლებით სწორედ ნორვეგიაში ტარდება. 1000 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთი, 5-6 დღიანი მოგზაურობა-შეჯიბრი თოვლიან ფინმარკში ტარდება. ციგაში 14 ძაღლია შებმული და ყოველწლიურად მონაწილეობას 20-მდე ეროვნების 140 გუნდი იღებს.

ამ ქვეყანაში თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ პოლარული ნათებით, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. ნორვეგიის ადგილობრივი ტურისტული კომპანია „Norway’s Hurtigruten“ პოლარული წრის გარშემო 6-12-დღიან კრუიზს გთავაზობთ. ჩრდილოეთის ციალი ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, ღია ზღვაზე, სუნთქვაშემკვრელი სანახაობაა, მოვლენის ნახვა ტურისტებს სხვადასხვა ადგილიდან შეუძლიათ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სორისნივა (Sorrisniva), სადაც იგლუს ყინულის სასტუმროშია ღამის გათევა და ნათებაზე დაკვირვება შესაძლებელი. იგლუს ქოხების ჭერი მინით არის დაფარული, რათა ტურისტს ციალი არ "გამოეპაროს".


წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ლამაზ ადგილს ნორვეგიაში.


ფრედვანგის ხიდები

ლოფოტენის კუნძულებზე უამრავი ხიდია, მაგრამ მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ფრედვანგის ხიდებია, რომლებიც მეთევზეთა სოფლს ფრედვანგს აკავშირებს მეზობელ კუნძულთან.  სამხრეთის ხიდს Kubholmleia Bridge, ხოლო ჩრდილოეთით განლაგებულს Røssøystraumen Bridge ქვია. ორივე ხიდი 240 მეტრი სიგრძისაა. ხიდები 1988 წლიდან ფუნქციონირებს.


რიორუსი

რიორუსი, პატარა ქალაქი, რომელიც შვეციის საზღვართან ახლოსაა განლაგებული, მეთვრამეტე საუკუნეში სპილენძის მომპოვებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ქალაქის ცენტრი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩა უძველესი ქუჩები და საუკუნოვანი ხის შენობები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის 1980 წლიდან.


რეინე

მიუხედავად იმისა, რომ ლოფოტენის კუნძულებზე  განლაგებული მეთევზეთა ეს პატარა სოფელი დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ დაშორებულია, აქ ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის. ნორვეგიის ყველაზე დიდმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა (Allers), 1970-იან წლებში რეინე ნორვეგიის ყველაზე ლამაზ სოფლად დაასახელა.  აქ მოხვედრა ევროპის E10 გზატკეცილითაა შესაძლებელი.  რეინეს თავზე რეინებრინგენის მთა დაყურებს, რომელიც ამ ფოტოზეც კარგად ჩანს


ბრიგენი

ქალაქი ბერგენი (1979 წლიდან). უძველესი ხის სახლები, რომლებიც მე-14-16 საუკუნეებში ააშენეს. ხანძრებმა და კატასტროფებმა ბევრი მათგანი გაანადგურა, ამჟამად 62 შენობაა დარჩენილი.


გეირანგერფიორდი

ფიორდი ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. 2005 წელს, იუნესკომ ის ნერიოიფიორდთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ის ნორვეგიის დასავლეთ ნაწილში, სუნმორეს რეგიონში, სტრანდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 15 კმ-ია. ფიორდის კიდეზე (წვერში), სადაც მას მდინარე გეირანგელვა უერთდება, მდებარეობს სოფელი გეირანგერი.


რეინებრინგენის მთა

რეინებრინგენის მთა, რომელის სიმაღლე ზღვის დონიდან 448 მეტრია და მის წვერამდე მისაღწევად გამოცდილ მოლაშქრეს დაახლოებით 2 საათი ჭირდება, ლოფოტენის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი "მწვერვალია". შედარებით იოლი სალაშქრო მარშუტი და ზემოდან გადაშლილი საოცარი ხედები ექსტრემალური ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს.

სვოლვერი

სვოლვერი  ლოფოტენის კუნძულებზე განლაგებული მეთევზეთა კიდევ ერთი თვალწარმტაცი სოფელია. აუსტვაგოიას კუნძულზე განლაგებული სვოლვერი სამხრეთით ვესტფიორდენს გადაყურებს, ხოლო ჩრდილო მხარეს მთებითაა შემოფარგლული. ყველაზე ცნობილი მწვერვალი აქ სვოლვერგეითია, რომელზეც პირველი მთამსვლელი 1910 წელს ავიდა.  ჩრდილოეთით არსებული მთები ბუნებრივ ბარიერს ქმნიან ნისლის და ღრუბლებისთვის, სწორედ ამიტომაც ტემპერატურა და კლიმატი შედარებით რბილი და თბილია.


ოდა

ჰარდანგენის რეგიონის ეკონომიკური ცენტრი ულამაზესი, ფერად-ფერადი სახლებითაც გამოირჩევა.

ტროლტუნგა

ტროლტუნგა (ტროლის ენა) ოდას მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჰორიზონტალურად, 700 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში გამოკიდებული კლდის ნატეხი რინგედალსვატნეტის ტბას გადაყურებს. ეს რელიეფი ჯერ კიდევ დიდი გამყინვარების დროს, 10 000 წლის წინ ჩამოყალიბდა, როცა მყინვარის ყინულის ენამ კლდეებამდე მიაღწია. აქ მოსახვედრად სალაშქრო აღჭურვილობა და ტყესა და კლდეებზე გამავალ ბილიკზე რამოდენიმე საათი მოგიწევთ ძრომიალი.

რენდოლსეტრა

ეს მთა ნორვეგიის ყველაზე ლამაზ ხეობაში - ინერდალენში მდებარეობს. მთის ძირას ტრადიციული ნორვეგიული რძის ფერმაა. 1988 წლამდე აქ ყველს, კარაქს და არაჟანს აწარმოებდნენ. ზაფხულობით აქ ჯერ კიდევ დაყავთ ძროხები და პროდუქციას ტურისტებს სთავაზობენ



გისურვებთ წარმატებას!



321 views0 comments
bottom of page