top of page

რჩევები პარიზში მოგზაურობის მსურველებს

Writer's picture: AdminAdmin

Updated: Aug 10, 2018

რომ აღმოაჩინოთ საკუთარი პარიზი და შეიყვაროთ ის, ამისთვის ბევრიც არაფერია გასაკეთებელი – უბრალოდ უნდა წახვიდეთ!


საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიო მასშტაბით სიყვარულის ქალაქად არის აღიარებული. ის ითვლება შეყვარებულების ქალაქად და საოცნებო ადგილს წარმოადგენს ახალგაზრდა თუ ხანშიშესული წყვილებისთვის.  პარიზი ნებისმიერი ადამიანისთვის რომანტიკის სიმბოლოა. უამრავი რომანტიკული ადგილი, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, მსოფლიოში ცნობილი მუზეუმები, სავაჭრო და  გასართობი ცენტრები, გალერეები, ღამის კლუბები და მრავალი სხვა – ეს ის ფაქტორებია,  რომლებიც პარიზს განსაკუთრებულს, თავისებურსა და მიმზიდველს ხდის. ქალაქს წელიწადში 30 მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს. პარიზს ზედმეტსახელად „სინათლის ქალაქს“ უწოდებენ.  ეს იქიდან გამომდინარე, რომ ის ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომლის ქუჩებიც განათებული იყო.

თუკი პარიზის დასათვალიერებლად სულ 2-3 დღე გაქვთ, გაისეირნეთ მდინარე სენაზე ბორნით და დატკბით ქალაქის შთამბეჭდავი პანორამით, სულ რაღაც, ერთ საათში. თუკი ეიფელის კოშკისა და ნოტრ დამის დათვალიერებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ გრძელ რიგებში მოგიწევთ დგომა. თუკი მარშრუტის დალაგება გჭირდებათ, მარტივად შეგიძლიათ მოასწროთ ტრიუმფალური თაღის, გავლით ეიფელის ნახვა, შემდეგ კი „ინვალიდთა სახლისა“ და ნოტრ-დამის გავლით, ლათინურ კვარტალში მოხვედრა. მეორე დღეს ეწვიეთ ლუვრს, საღამოს კი მულენ რუჟს, თუმცა, აქ მოსახვედრად, ბილეთები კარგა ხნით ადრე უნდა შეიძინოთ


წარმოგიდგენთ პარიზის მთავარ ღირსშესანიშნაობებს

პირველ ადგილზე ეიფელის კოშკია. ტურისტების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილი მსოფლიოში და როგორც პარიზის, ასევე მთელი საფრანგეთის სიმბოლო. პარიზის სავიზიტო ბარათი მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული შედევრი – ეიფელის კოშკია.  კოშკს სახელი ინჟინერ გუსტავ ეიფელის საპატივცემულოდ დაერქვა, რომლის კომპანიამაც დააპროექტა და ააწყო ეს ნაგებობა.  კოშკის სიმაღლე 324 მეტრია. ეიფელის კოშკს, ყოველწლიურად, 7 მლნ ტურისტი სტუმრობს. კოშკზე მოხვედრა ზრდასრულებისთვის 17 ევრო ღირს, ხოლო ბილეთის შეძენას წინასწარ გირჩევთ ეიფელის საიტზე. მუშაობს 9:00-24:00 სთ.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღირსშესანიშნაობებზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ Notre Dame de Paris, ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.  ტაძარი გოთიკური არქიტექტურის უბადლო ნიმუშია. იგი შენდებოდა 1163 წლიდან მეცამეტე საუკუნის შუა წლებამდე.  თავისი გარეგნული სილამაზის მიუხედავად, იგი აგრეთვე ცნობილია ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებით „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

შესვლა უფასოა. თუმცა თუ ნოტრ-დამის კოშკზე გინდათ ასვლა, ცალკე ბილეთი უნდა იყიდოთ. აქ ყოველთვის დიდი რიგებია, რასაც თავიდან აიცილებთ, თუ პრიორიტეტულ ბილეთს შეიძენთ.


ლუვრი

მსოფლიო მუზეუმი ადრე ფრანგი მონარქების რეზიდენცია იყო, ამჟამად კი ხელოვნების უზარმაზარ კოლექციას მოიცავს. აქ არიან ვენერა, მონალიზა, მარიანა… მოკლედ, ცნობილი ქალბატონები ლუვრში ცხოვრობენ. ფასი: 17 ევრო ძირითადი ექსპოზიციის დათვალიერება.

დისნეილენდი

პარიზის დისნეილენდი ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი პარკია მსოფლიოში. მას ყოველწლიურად 15 მილიონი ადამიანი სტუმრობს. პრინციპში ეს ორი უზარმაზარი პარკია, სადაც გართობა და ატრაქციონები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

ელისეის მინდვრები

ელისეის მოედანი არა მარტო ღირსშესანიშნაობაა, არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ცნობილი და ლამაზი ქუჩაა მსოფლიოში, არამედ სავაჭრო ცენტრიცაა. აქ ნახავთ უამრავ ძვირფას ბუტიკებს, რესტორნებს და მსხვილი კომპანიების ოფისებს.

ტრიუმფალური თაღი

ტრიუმფალური თაღი ელისეს მინდვრების გვირგვინია. ეს ადგილი, ეიფელის კოშკის მსგავსად, პარიზის მომხიბვლელობის სიმბოლოა. ნაპოლეონმა ის თავისი გამარჯვებების პატივსაცემად აღმართა და აქ ყველა დაპყრობილ ქალაქს ინიშნავდა. თაღის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის საფლავია. შესვლა 9.5 ევრო ღირს და რიგში დგომაც არ მოგიწევთ.

ვერსალი

საფრანგეთის ოთხი მეფის რეზიდენცია პარიზიდან 40 კილომეტრშია. ასე სპეციალურად ააშენეს, რათა რევოლუციას სასახლემდე არ მიეღწია. ფასი: სასახლეში ვიზიტი 15 ევრო. პარკის დასათვალიერებლად ცალკე ბილეთია საჭირო.

ალექსანდრე III-ს ხიდი

პარიზის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა სენა და მასზე გადებული ხიდები. ყველაზე ლამაზია ალექსანდრე III ხიდი


მულენ რუჟი

წითელი წისქვილი – პარიზის ყველაზე ცნობილი კაბარე და ერთ-ერთი ცნობადი ღირსშესანიშნაობა. ფასი: სპექტაკლზე დასწრება 95-დან 250 ევრომდე.   


მონმარტრი

რაიონი მონმარტრი: აქ ცხოვრობდნენ ცნობილი მხატვრები, მწერლები, მსახიობები. აქ არის პიკასოს სახლი და დალიდას მოედანიც. უამრავი დუქნები, სადაც ისინი ერთობოდნენ.

საკრე

საფრანგეთის ყველაზე დიდი ტაძარი საკრე-კიორი პარიზის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარეობს. აქ მსახურებას რომის პაპიც ატარებდა. დასათვალიერებელი მოედნიდან მთელი პარიზის ნახვა შეიძლება. შესვლა უფასოა.


მეტი რომანტიკისთვის, ეწვიეთ მონმარტრზე განთავსებულ სიყვარულის კედელს Mur des je t’aime, სადაც ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ 280 ენაზეა დაწერილი. იქვე ახლოს არის რომანტიკის მუზეუმიც Musée de la Vie romantique. მონტმარტრზე სეირნობისას, არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ ბაზილიკა სეკრე-კიორს, რომელიც პარიზს 130 მეტრის სიმაღლიდან დაყურებს და მნახველებს ბრწყინვალე პანორამით ტკბობას უმზადებს.

თუ პარიზის არქიტექტურის დათვალიერება მოგბეზრდათ და უბრალოდ გინდათ, მის ვიწრო და კოხტა ქუჩებში ისეირნოთ, ეწვიეთ ლათინურ კვარტალს, სადაც კაფეებში ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ დანაყრებას.


რეკომენდებული კაფეები და რესტორნები

ევროპის უძველეს რესტორანს სწორედ პარიზში ნახავთ. La Tour D’Argent 1582 წელს გაიხსნა და ამ დრომდე ცნობილია იხვის საფირმო რეცეპტით. თუმცა, თუ ამ რესტორანში დააპირებთ შესვლას, დაივიწყეთ ჯინსები – აქ მკაცრი დრეს კოდია. ბიუჯეტს რაც შეეხება, ვახშამი, სულ მცირე, 100 ევრო დაგიჯდებათ.

ერთ-ერთო უძველესი რესტორანი Le Grand Vefour ბაყაყის კერძებით გაგიმასპინძლდებათ. სტუმრობა, 250 ევროზე ნაკლები არ დაგიჯდებათ

კიდევ ერთი გასტრონომიული ლეგენდა, რესტორანი Maxim’s, რომელიც 1893 წლიდან ემსახურება გურმანებს, 200-300 ევრო დაგიჯდებათ. თუმცა, აქ მაგიდა, სულ მცირე, თვენახევრით ადრე უნდა დაჯავშნოთ.

თუკი ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, სარა ბერნარის საყვარელ რესტორანს გირჩევთ. Maison de la Truffe Marbeuf-ში არაჩვეულებრივ ტრიუფელებს დააგემოვნებთ (ბიუჯეტი, საშუალოდ, 55 ევრო). ან La Coupole-ს ეწვიეთ, სადაც ედიტ პიაფსა და პაბლო პიკასოს უყვარდათ ზღვის პროდუქტების მირთმევა. აქ სადილი 30-45 ევრომდე დაგიჯდებათ.

პარიზის კაფეები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია. ტრადიციული ფრანგული სამზარეულოს დაგემოვნებას 25-30 ევროდ შეძლებთ Chez Clement-სა და Leon de Bruxelles-ში.


ტრანსპორტი პარიზში სამოძრაოდ

აუცილებლად შეიარაღდით ქალაქის ტურისტული რუკით. მისი მიღება სრულიად უფასოდ შეგიძლიათ პარიზის მეტროპოლიტენის ნებისმიერ სადგურზე. კარგია ისიც, რომ პარიზის მეტრო 303 გაჩერებას მოიცავს, ანუ ქალაქის ნებისმიერ უბანში შეგიძლიათ მოხვედრა, შესაბამისად, ტაქსით მგზავრობასაც აარიდებთ თავს. უშუალოდ პარიზი და მისი შემოგარენები (ე.წ. „დიდი პარიზი) ერთიანი სატრანსპორტი სისტემით არის დაკავშირებული, რომელიც 5 ზონადაა დაყოფილი. ტარიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ზონიდან რომელშიც მიდიხართ. ტურისტისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა 1-2 ზონებშია თავმოყრილი. აქედან გამომდინარე თამამად შეგიძლიათ ჩაჯდეთ ორნიშნა ნომრიან ავტობუსებში და ნებისმიერ მეტროს ხაზზე – ისინი მეორე ზონის იქით არ დადიან. ქალაქში სეირნობა მოსახერხებელია ველოსიპედითაც – პარიზის მასშტაბით, 1800 სადგომია ველოსიპედებისთვის. ეს სიამოვნება დღეში 1.7 ევრო დაგიჯდებათ, კვირაში კი – 8.

როგორ დავზოგოთ თანხა?

პარიზის დისნეილენდში შესასვლელი ბილეთი 60 ევრო ღირს, თუმცა, მოხერხებული ტურისტები შესასვლელიდან მარცხნივ დგებიან, სადაც გამომსვლელებს ართმევენ უკვე გამოყენებულ ბილეთებს და ხელახლა სარგებლობენ, თუმცა, საამისოდ, უმჯობესია, ცოტა ადრე მიხვიდეთ პარკთან.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შესვლა 8.5 ევრო დაგიჯდებათ, თუმცა ოთხშაბათს 14:00 და შაბათს 14:30 საათზე უფასო ექსკურსიები ტარდება.

ქალაქში საკმაოდ ბევრია საზოგადოებრივი ტუალეტი, რომლებიც 6:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს და სრულიად უფასოა.

პარკებში, ბიბლიოთეკებსა და ტურისტულ ცენტრებში უფასო ინტერნეტითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. ამისთვის, Wi-Fi ზონაში სპეციალური ფორმის შევსებაა საჭირო.


გაითვალისწინეთ

პარიზის უამრავ დადებით მხარესთან ერთად, აუცილებელია აღვნიშნოთ ქალაქის მთავარი ნაკლი – ქურდობის შემთხვევათა სიმრავლე.  პარიზში სტუმრობისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილე და ყურადღებით იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახელოვნებული (ძირითადად არაბი) ჯიბგირების მსხვერპლი გახდებით. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მეტროში მგზავრობისას.




გისურვებთ წარმატებას!



1,215 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page