ცოტა რამ ამსტერდამის შესახებ.
ჰოლანდიის დედაქალაქი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია ევროპაში. იგი ნამდვილი კულტურული ცენტრია თავისი თეატრებით, უნივერსიტეტებით, კვლევითი ინსტიტუტებით, გასართობი ადგილებით და 40-ზე მეტი მუზეუმით. რთულია, ტურისტის სტატუსით ჩასულმა ყველა მუზეუმის ნახვა მოასწრო, თუმცა მათ შორისაც არის ისეთები, რომლის უნახავადაც არ უნდა დატოვოთ ამსტერდამი. ამსტერდამი, ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს ოფიციალურად მუზეუმების მოედანი (Museumplein) ჰქვია. აქ ამსტერდამის სამი მთავარი – რაიხსმუზეუმი, ვან გოგისა და მუნიციპალური მუზეუმებია განთავსებული. ამსტერდამი ყოველწლიურად 4,5 მლნ. სტუმარს მასპინძლობს. ჰოლანდია კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი წარმოადგენს. ამსტერდამს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მსოფლიოს ყველაზე ტოლერანტული ქალაქი. ყველამ იცის, რომ ჰოლანდია ტიტების ქვეყანაა. სპეციალურად ჩატარებულ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ყოველწლიურად ამსტერდამის პარკებსა და ბაღებში 600 000-მდე ტიტას ირგვება. ამსტერდამი ველოსიპედისტების ქალაქია, სადაც მოსახლეობის 40% ველოსიპედით გადაადგილდება. აქ 1 539 ხიდი და ვიადუკია, რომელთაგან თითოეულს თავისი ნომერი აქვს. 1600 წელს აგებული ლურჯი ხიდი – ისტორიული ხიდია, რომელიც რემბრანტის მოედანს აკავშირებს ვატერლოოს მოედანთან. სახელი ხიდმა ჰოლანდიის დროშის წყალობით მიიღო, რომლის ერთ-ერთი ფერი სწორედ ლურჯია.
როგორ მოვხვდეთ ამსტერდამში იაფად და მარტივად.
ამის ყველაზე კარგი საშუალება, ქუთაისიდან დორტმუნდის მიმართულებით ავიაბილეთის შეძენაა ვიზეარის მეშვეობით. მას შემდეგ რაც ავიაბილეთს შეიძენთ, შიდა გადაადგილებისთვის გამოიყენეთ ტრანსპორტის მარტივი ძებნის სისტემა Goeuro.com. ავტობუსის ტარიფი ერთი მიმართულებით, დაახლოებით 17 ევროდან იწყება, გააჩნია დროის პერიოდს. სასტუმრო, ჰოსტელი ან აპარტამენტებისთვის გამოიყენეთ შემდეგი საშუალება Booking ან Airbnb.
გაითვალისწინეთ ამსტერდამში დასვენება არც თუ ისე იაფია, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია მთელ ევროპაში, ამიტომ ეცადეთ ბინა ცენტრისგან ოდნავ მოშორებით აიღოთ, ასევე კარგი საშუალებაა სპეციალურად მოწყობილი მცირე ზომის ნავის დაქირავება.
დორტმუნდიდან ავტობუსი ჩაგიყვანთ Amsterdam Sloterdijk_ში და აქედან დაახლოებით 2 ევროდ მეტროს საშუალებით სულ რამდენიმე გაჩერების შემდეგ მოხვდებით Amsterdam Centraal_ის სადგურზე, საიდანაც შეგიძლიათ დაიწყოთ ტური.
რა უნდა ვნახოთ ამსტერდამში.
პირველი რაც სადგურიდან გამოსვლისას თვალში მოგხვდებათ, არის უამრავი ველოსიპედი. თუ თქვენ კარგად ფლობთ ამ ტრანსპორტს, გაგიმართლათ! მთელი ამსტერდამის შემოვლას და დათვალიერებას ძალიან გაგიადვილებთ. თითქმის ყველგან ქირავდება და მისი საფასური მთელი დღის მანძილზე 10-12 ევროს შეადგენს. თუ თქვენ გეგმავთ 4 ან მეტ მუზეუმს ესტუმროთ, მაშინ ღირს დაფიქრდნენ I Аmsterdam City Card ყიდვაზე. ის გულისხმობს მთავარი მუზეუმების და ღირსშესანიშნავი ადგილების უფასოდ ნახვას, უფასო მგზავრობას ტრამვაით, ავტობუსით და მეტროთი, უფასო კრუიზს არხებზე და მთელ რიგ ფასდაკლებებს რესტორნებსა და სუვენირების დახლებზე. ასეთი ბარათი გახლავთ 24-საათიანი (49 ევრო), 48-საათიანი (59 ევრო). სადგურიდან გამოსულებს სანამ ამსტერდამის ყველაზე ცნობის სანახაობებს ნახავთ, შეგიძლიათ გზად მადამ ტუსოს ცვლის ფიგურების ( Madame Tussauds Amsterdam ) მუზეუმს ეწვიოთ. აქ შესაძლებლობა გაქვთ საკუთარი თვალით ნახოთ ცნობილი ისტორიული და სამეფო პირების, ცნობილი მკვლელების, კინოს და სპორტის ვარსკვლავების ცვილის ფიგურები.
ბილეთის ფასი: უფროსები – 22 ევრო, ბავშვები – 17 ევრო, 4 წლამდე – უფასო
ნიდერლანდების ეროვნული რაიხსმუზეუმი ( Rijksmuseum )
ეს ალბათ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შენობაა. აქ ნახავთ არა მარტო ოქროს ხანის ჰოლანდიელი ოსტატების შედევრებს, ასევე სახელოსნო და სახელოვნებო გამოფენებს. რაიხსმუზეუმი 1800 წელს ჰააგაში დაარსდა, 1808 წელს კი ამსტერდამში გადმოვიდა. 2013 წელს შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, რომელიც 375 მილიონი ევრო დაჯდა. სწორედ აქ ინახება რემბრანტის სახელგანთქმული ტილო ,,ღამის გუშაგები''
მუზეუმი ყოველდღე მუშაობს 9:00 დან 17:00 საათამდე. ბილეთი 17.5 ევრო ღირს, 18 წლამდე უფასოა.
ვან გოგის მუზეუმი ( Van Gogh Museum )
მუზეუმი, რომელიც 1973 წელს გაიხსნა, ვინსენტ ვან გოგის ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული – დაახლოებით 600 ნამუშევარი და 700 წერილი. 1890 წელს, ვან გოგის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი ნამუშევრები არ გაიყიდა, ისინი მემკვიდრეობით მის ძმას – თეოს გადაეცა. 6 თვის შემდეგ, როდესაც თეო გარდაიცვალა, კოლექცია მის ქვრივს დარჩა. ვან გოგის ნამუშევრების გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, იოჰანამ დაიწყო ნამუშევრების გაყიდვა, შემდეგ კი მისი კერძო კოლექცია შექმნა. მუზეუმში სტუმრობა 17 ევრო ღირს, 18 წლამდელთათვის უფასოა.
ანა ფრანკის მუზეუმი ( Anne Frank House )
ეს სწორედ ის სახლია, სადაც ანა ფრანკი და მისი ოჯახი იმალებოდა. სახლ-მუზეუმი, ეძღვნება ებრაელი გოგონას ხსოვნას, რომლის სახელიც, ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილის შემდეგ, მისი ამსტერდამში დაწერილი დღიურებით გახდა ცნობილი. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს ანა ფრანკი, ოჯახთან და ოთხ ადამიანთან ერთად, სწორედ ამ სახლში, სხვენის საიდუმლო ოთახებში ემალებოდა. 1944 წელს მათი თავშესაფარი ჰოლანდიის პოლიციამ და გესტაპომ აღმოაჩინა. ანა ფრანკი და მისი უფროსი და ბერენგ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც ანა 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოსვენცემიდან დაბრუნებულმა მამამ ანა ფრანკის დღიური 1947 წელს გამოაქვეყნა. 1957 წელს კი ანას სახელობის ფონდი შეიქმნა ოჯახის საკუთრების დასაცავად.
მუზეუმი 1960 წელს გაიხსნა. ფარული ოთახი სხვენზე პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული და წარმოდგენელია მუდმივი ექსპოზიცია ანა ფრანკის ცხოვრებასა და ისტორიაზე.
რემბრანდტის სახლ-მუზეუმი ( Rembrandt House Museum )
სახლში, სადაც მუზეუმია განთავსებული, რემბრანდტი 1639 – 1656 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა. მე-17 საუკუნის ინტერიერს რამდენიმე წლის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა, სამუშაო ოთახი, სავარაუდოდ, პირვანდელი სახით არის აღდგენილი. ნივთები, რაც მუზეუმში დაგხვდებათ, მოპოვებულია მსოფლიოს სხვადასხვა პირადი კოლექციებიდან.
რემბრანდტი ამ სახლში თავისი შემოქმედების პიკში ყოფნის დროს, მეუღლესთან – სასკია უილენბურგთან – ერთად ცხოვრობდა. ამ პერიოდში შეიქმნა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარიც – The Night Watch, რომელიც რაიხსმუზეუმშია გამოფენილი. კოლექციაში დაცულია მხატვრის გრავიურები, რითაც რემბრანდტი აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ასევე, მისი მასწავლებლის, პიტერ ლასტმანის ნამუშევრები, რომლებიც მხატვრის შთაგონების წყაროდ ითვლება.
ამსტერდამის მუნიციპალური მუზეუმი ( stedelijk museum amsterdam )
Stedelijk თანამედროვე ხელოვნების და დიზაინის მუზეუმია ამსტერდამში, რომელიც 1895 წლიდან ფუნქციონირებს და მდებარეობს მუზეუმის მოედანზე, ვან გოგისა და რაიხსმუზეუმთან ახლოს. ნეო-რენესანსის სტილის შენობა მე-19 საუკუნეში ადრიან უილემ ვაისმანმა ააშენა, 21-ე საუკუნეში კი შესასვლელი ბენთემ ქროუელმა დააპროექტა. ამ ცვლილების გამო მუზეუმის კოლექცია 4 წლის განმავლობაში სხვა სივრცეში იყო გადატანილი.
სტედელეკ მუზეუმის კოლექცია თანამედროვე და უახლესი ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. აქ შეძლებთ უორჰოლის, ვან გოგის, კანდინსკის, კირშნერის, შაგალის, მატისის, პოლოკის, კუნინგის, ფონტანას და სხვა ბევრი არტისტის ნამუშევრების ნახვას.
მუზეუმის კოლექცია დღეისთვის სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის დაახლოებით 90 000 ექსპონატისგან შედგება და მოიცავს პოპ არტს, ნეორეალიზმს, ბაუჰაუსსა და De Stijl-ს (“დე სტაილ” – 1917 წელს დაარსებული ჰოლანდიური მოძრაობაა, რომლის მიმდევრებიც იყვნენ თეო ვან დეზბურგი და პიტ მონდრიანი). 2009 წლის ნოემბრიდან მუზეუმმა დაიწყო პროექტი Digitization, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ხელოვნების ისტორიის, 1895 წლიდან 1980 შექმნილი წლამდე ნიმუშებისა და დოკუმენტების ციფრული არქივი.
კოფეშოპი ( coffeeshop )
ამსტერდამში 200-მდე კოფეშოპია, სადაც მსუბუქი ნარკოტიკების მიღებაა ნებადართული. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ჰოლანდიაში ბევრად უფრო ნაკლები ადამიანია ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც მსუბუქი ნარკოტიკები კანონით იკრძალება. როგორც ცნობილია, აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო გემრიელია. ამიტომ, იქ სადაც ამგვარი ნარკოტიკები იკრძალება, მათი მოხმარება ბევრად უფრო მაღალია. სხვათაშორის, ამსტერდამი მსოფლიოს ერთადერთი ქალაქია, სადაც მარიხუანას ბაზრობა ეწყობა.
წითელი ფარნების უბანი ( Red Light District )
ცნობილი კვარტლის სახელწოდება წითელი ფანრებიდან მოდის, რომლებიც საროსკიპოების ფანჯრებზე დგას. აქ ბევრი სექსშოპია წარმოუდგენელი ფანტაზიის სუვენირებით. გახსოვდეთ, აქ ფოტოების გადაღება აკრძალულია.
ლუდის მოყვარულებმა ესტუმრეთ Heineken Experience_ს. დააგემოვნეთ ნამდვილი ჰოლანდიური ლუდი ჰეინეკენი.
და ბოლოს გაისეირნეთ ყველაზე დიდ და უმშვენეიერეს პარკში ( Vondelpark ). ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და წყნარი ადგილია მთელ ამსტერდამში.
ფოტო და ვიდეო მასალა იხილეთ აქ >>> ამსტერდამი
Comments